პარადოქსები

პარადოქსია – ოპტიმისტი ვარ, ხშირად კი ვფიქრობ თვითმკვლელობაზე,

პარადოქსია, რომ ყველა უგნურს, თავი ჰგონია ჭკვიანი სხვაზე,

პარადოქსია, რომ გენიოსი არის უსიტყვო და თავმდაბალი,

პარადოქსია, რომ ცხოვრებაში ყველა იდიოტს აქვს ხმა მაღალი,

პარადოქსია – ერთი უგნური მრავალ ბრძენკაცს რომ სულს მოუწამლავს,

პარადოქსია, გიყვარს სიმართლე, ხოტბას კი ასხამ ვინმე არაკაცს,

პარადოქსია, არ გემღერება, თუმცა ყველაზე ხმამაღლა მღერი,

პარადოქსია, არ გეტირება, მაინც ტირიხარ, ცრემლად იღვრები,

პარადოქსია პატრიოტი ხარ, თუმცა სამშობლოს ხურდაში აძლევ,

პარადოქსია, ხარ პოეტი და ლექსებს რატომღაც არასდროს არ წერ,

პარადოქსია, პატიოსან კაცს საბრალდებულო სკამზე რომ ნახავ,

პარადოქსია, ხარბი არა ხარ, თვალ–მარგალიტს კი ოცნებად სახავ,

პარადოქსია, ქურდი არა ხარ, მოპარულ ფულს კი გულუხვად ხარჯავ,

პარადოქსია, არც ძუნწი ხარ და ოქრო–ვერცხლს მაინც მიწაში მარხავ.

ვინ მოიგონა პარადოქსები, როდის, საიდან ან რატომ გაჩნდნენ?

პარადოქსული ცხოვრების გზაზე, უპარადოქსო ცხოვრებას ვარჩევ.

1986 წ.

თბილისი