მთის კანონში ცვლილება შევიდა, კერძოდ მთაში, ყოველ ახლადდაბადებულ პირველ და მეორე შვილზე, ოჯახი მიიღებს 100-ლარიან დახმარებას 1 წლის განმავლობაში, ხოლო მესამე და შემდგომ ბავშვებზე კი 200-ლარიან დახმარებას 2 წლის განმავლობაში. ასევე, სახელფასო დანამატს მიიღებენ პედაგოგები,  პენსიონრები კი – 20%-იან დანამატს.

ეს კარგი სვლაა მოსახლეობისგან დაცლილი მთის გადასარჩენად, მაგრამ მთის და ქვეყნის გადასარჩენად მხოლოდ კანონის ცვლილება არ არის საკმარისი. პირველ  რიგში გასათვალისწინებელია, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გარეშე არაფერი გამოვა. მთას და ზოგადად სოფელს სერიოზული მიხედვა სჭირდება, უნდა მოწესრიგდეს გზები, გადაიჭრას ტრანსპორტის პრობლემა, ყველგან შევიდეს გაზი, წყალი, დენი, თორემ მთელი საქართველო უკვე ერთ დიდ სოფელში – თბილისში ვცხოვრობთ და ეს ანომალიაა,  ვეღარ უძლებს ეს ქალაქი ასეთ დატვირთვას. გარდა ამისა, ასე შეუძლებელია განვითარდეს სახელმწიფო, მითუმეტეს საქართველო, რომელიც ოდითგანვე აგრარული ქვეყანა იყო.  ძლიერი სოფლის გარეშე საქართველო ვერასოდეს გახდება ძლიერი სახელმწიფო.

მომიტევოს ქართველმა გლეხმა, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ სადღაა, არსებობს კი? გლეხი რომ პოლიტიკაში არ უნდა ცდილობდეს “მოკალათდეს”, აქაოდა მუქთა ფულიაო, ეს აქსიომაა. ამით პოლიტიკაც ზარალდება და სოფლის მეურნეობაც, რადგან ამ უკანასკნელს გლეხზე უკეთ ვერავინ მიხედავს. ის უნდა იყოს დაკავებული მიწათმოქმედებით, მევენახეობით, მეხილეობა-მებოსტნეობით, მეღვინეობით და საერთოდ, სოფლის მეურნეობით, რაც უკეთესადაც გამოსდის,  მასაც უფრო წაადგება და ქვეყანასაც. რატომ და რით არის დასავლეთის ეკონომიკა ძლიერი? იმიტომ, რომ ყველამ თავისი ადგილი იცის და მისთვის განკუთვნილ  ნიშას ავსებს. ამერიკელი ფერმერი ამერიკული საზოგადოების ერთობ დაფასებული და ეკონომიკურად ძლიერი რგოლია. ასევეა ევროპაშიც, შრომობს გლეხი მიწაზე, ბიზნესმენი – ბიზნესშია, ინჟინერი -მშენებლობაზე, ექიმი – სამედიცინო დაწესებულებაში, პედაგოგი – საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხელოვანი – ხელოვნებაში, პოლიტიკოსი პოლიტიკაში და ა.შ. ანუ, ცივილურ სამყაროში ყველამ იცის თავისი როლი და ფუნქციები, არ ეშლებათ ვინ,  რა, სად და როგორ უნდა აკეთოს. ერთ უცხოელს ვესაუბრე რამოდენიმე კვირის წინ, სერბიიდან იყო ჩამოსული. იცით რა მითხრა? ჩვენთანაც იგივე გამოიწვია დაუბალანსებელმა ურბანიზაციამო! არ ვიცი დღეს სერბიაში რა მდგომარეობაა, როგორც თავად მითხრა დაახლოებით იდენტური ეკონომიკური ფონი აქვთ, მაგრამ ეს პარალელი ჩვენსა და მათ არალოგიკურ „ეთნიკურ კონფლიქტებს“ შორის და ასევე უკიდეგანო, უწესრიგო  და უსაზღვრო ურბანიზაცია, რომელმაც საზოგადოება აზარალა – აშკარად სახეზეა. ჩვენ დღეს დავემსგავსეთ ერთ უცნაურ ქალაქ-სახელმწიფოს, ჩვენი დაცლილი მთა-ბარის სოფლებით და გადაჭედილი დედაქალაქით, რომელიც  გამოირჩევა ქუჩაში მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი, თვალშისაცემად უხეში, უზრდელი და უსაქმური მოსახლეობით.

სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენთან საზოგადოებრივი როლების გადანაწილებაში სრული ქაოსი და გაუგებრობაა. მას შემდეგ, რაც გლეხობამ დაიპყრო ინტელიგენციის კუთვნილი სფეროები და თავად დაეპატრონა „პრესტიჟულ“ ადგილებს, ჭკუის სწავლებით დაკავდნენ და სახელმწიფოს უკეთ მოწყობის უსაფუძვლო ამბიცია გაუჩნდათ, ჩავვარდით ამ დღეში, რომელშიც ვართ, რადგან არც ის გამოსდით კარგად, რითაც დაკავდნენ და სოფლის მეურნეობასაც აღარავინ მისდევს. შესაბამისად არც იმ დარგებშია საქმე კარგად და ვერც სოფლის მეურნეობით ვერ დავიკვეხნით. ფაქტიურად, ჩვენ არ გვაქვს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ყოველ შემთხვევაში ჩვენი საკმარი რომ გვქონდეს, სხვისგან არ უნდა ვყიდულობდეთ. ქართული პროდუქცია, როგორც ასეთი, სანთლით საძებნია ჩვენს ბაზარზე. არადა, არაერთი ქართული პროდუქტი იმპორტზეც მშვენივრად იმუშავებდა, ჩვენ რომ სწორად გვქონდეს სოციალური როლები გადანაწილებული და სოფლებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული.

ისე, ქსენოფობიაში ნურავინ ჩამითვლის, მაგრამ, საკუთარ ქვეყანაში აზერებისგან რომ არ ვიყიდოთ მწვანილი, ხილი და ბოსტნეული, შეიძლება მშივრები დავრჩეთ. რას ვერჩი, მშრომელი ხალხია, რის გამოც პატივს ვცემ! ჩვენ ხომ ყველა გვიყვარს და ყველას ძმებად ვთვლით, ეს ქართული ბუნებაა და ერთობ დასაფასებელი შტრიხია ჩვენი ხასიათის, თუმცა ვინ რით და როგორ გვპასუხობს – მათი კაიკაცობის საქმეა!

სულ ახლახანს მას-მედია ალაპარაკდა იმ სკანდაზე, რომელიც აზერბაიჯანში მოხდა, კერძოდ თბილისის “დინამო”-ს მატჩზე  ჩვენმა მეზობელმა მასპინძლებმა უეცრად ანტი-ქართული პლაკატები გაშალეს და ქართული დროშები დაწვეს, რის გამოც უეფა-მ დააჯარიმა და დროებით დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, გავოგნდი, ნეტავ ესენი რატომღა გვემტერებიან? თურმე ნუ იტყვით, მარტო იმაზე კი არ გვემდურიან, რომ საინგილოს – ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების, ანუ ისტორიული ჰერეთის  ტერიტორიებს ფლობენ (არც ვედავებით), არამედ დღეს ქართული სახემლწიფოს შემადგენლობაში არსებული – გარდაბანი, მარნეული, დმანისი და ა.შ., ანუ ეთნიკური აზერებით დასახლებული ქართული ტერიტორიებიც თავიანთი ჰგონიათ და შესაბამისი სახელებიც კი აქვთ მათთვის უკვე შერჩეული. ტრივიალური კითხვა დამებადა, რატომ აქვს ყველას ჩვენს მიწებზე პრეტენზია? პასუხი მარტივია, ჩვენი უნიათობის ბრალია.  წინაპარს უთქვამს – უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო. ასეა, მიტოვებულ სახლ-კარსაც ავი სულები ეპატრონებიან ხოლმე.

თუკი სხვები გამდიდრნენ ამ ჩვენს მიწა-წყალზე სოფლის მეურნეობით, ჩვენ რაღა გვჭირს? ან ამპარტავნებისგან ვართ შეშლილები და ყველაფერზე მივდივართ, ოღონდ კი იქ მოვხვდეთ, სადაც ჩვენი ადგილი აშკარად არ არის. ჩვენ ხომ პარლამენტზე, სამინისტროზე და მერიაზე ნაკლებს აღარაფერს ვკადრულობთ, ან მთლად მეორე უკიდურესობაში ვვარდებით – მათხოვრობით და “უძველესი პროფესიით” ვითბობთ ხელს და ბიზნესად ვაქციეთ ეს სამარცხვინო, ღირსებაშემლახველი საქმიანობები. ჩვენ შრომისთვის სად გვცალია, ერთმანეთთან ძიძგილაობით ვართ დაკავებულები, მხოლოდ ერთმანეთთან ვართ დიდ გულზე. “ღმერთო შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა”!

ცნობილია, ეს ყველაზე პრიმიტივ, გონებაშეზღუდულ და ზნედაცემულ ადამიანებს სჩვევიათ, ყველაზე მეტად თავისიანს ერჩიან, ყველაზე მეტად ახლობლის შურთ, ყველაზე მეტად იმას აქილიკებენ, ვინც ახლოს ჰყავთ – მეგობარს, ოჯახის წევრს, ნათესავს, მეზობელს და ა.შ.  რაღა ამაში ვბაძავთ ძაღლებს, როლებიც ერთმანეთის დანახვაზე აიჯაგრებიან და დასაგლეჯად იწევენ, პატრონის მიმართ ერთგულებაში კი ბადალი არ ჰყავთ.

როგორც ინდივიდის, ასევე ერის ზნე-ჩვეულება და მისი ხასიათი დიდწილად განაპირობებს მის სიცოცხლისუნარიანობას და ბედ-იღბალს, წარმატებულობას თუ წარუმატებლობას. სადაც კი ვყოფილვარ, განვითარებულ და ეკონომიურად ძლიერ სახელმწიფოებში, პირველი, რაც თვალში გხვდება არის  წესრიგი და სისუფთავე.  როგორ თავჩახრილად, მორჩილად, უპრეტენზიოდ შრომობს ევროპელიც და აზიელიც, ყველა თავაზიანია, გარშემომყოფებს პატივს სცემს და თავისი საქმისთვის იცლის, პირველ რიგში თავის გარემოს აწესრიგებს და შრომა არ ეთაკილება, პირიქით, ეამაყება, რომ შრომობს.  ასე ხდება ყველა კონტინენტზე, მხოლოდ ჩვენ გვცალია სერიალების საცქერლად და ერთმანეთის საქილიკოდ, ერთმანეთზე საჭორაოდ, ერთმანეთის საძიძგნად და ერთმანეთზე შურის საძიებლად, ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეებში, მაშინ როდესაც ჩვენი გარემო აშკარად ითხოვს ხელის შევლებას და მოწესრიგებას.

ეს განწყობა ჩვენს ცნობიერებაზე უკვე იმდენად აისახა, რომ ყველგან და ყველაფერში გამოსჭვივის, ქცევის კულტურაზე საგრძნობლად დაგვეტყო. ფეხით მოსიარულეებს თუ მძღოლებს, ქუჩაში თუ აფთიაქში, სუპერმარკეტში  თუ ტრანსპორტში, ყველგან და ყველას ეტყობა უდიერი, უხეში და უპატივცემლო დამოკიდებულება გარემოს და გარშემომყოფების მიმართ.  ერთი სიტყვით, უსაქმური და ბინძური,  აგრესიული და უზრდელი ერის იმიჯი მოვირგეთ, რატომღაც, მაშინ, როდესაც შრომისმოყვარეობით, ზრდილობით და თავაზიანობით, კეთილგანწყობით გამოირჩეოდა ჩვენი ერი.  ასეთ ქართველებს რომ ვხედავ, ცნობილი ქართული სიმღერა მახსენდება გოგი დოლიძის რეპერტუარიდან – „ქართველების ერთად  ყოფნა დამილოცე ღმერთო” და მისი ცრემლები მიდგას ხოლმე თვალწინ.

მართლაც, უფლის შეწევნის იმედით მყოფი საქართველო და ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო! მთის და ქვეყნის გადასარჩენად კი მხოლოდ კანონში ცვლილება არ არის საკმარისი, ალბათ ჩვენს მენტალიტეტში უნდა მოხდეს ცვლილებები!

იმედი ბოლოს კვდება და ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი თაობა მაინც მოიტანს ქვეყნისთვის ძირეულ და პოზიტიურ ცვლილებებს. ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია ნიადაგი მოვუმზადოთ ასეთი ინიციატივებით, როგორიც ეს ცვლილებაა კანონში და იმ ცვლილებებით, რომლებსაც ყოველდღიურად შევიტანთ ჩვენს ცნობიერებაში, ყოფაში და ქცევის კულტურაში, თორემ წუწუნი, რომ თბილისი აღარ არსებობს და ერთი დიდი სოფელია, ვერაფერი შველაა.

მანანა თურმანიძე

16 ივლისი, 2015 წ.

თბილისი

One thought on “მთის და ქვეყნის გადასარჩენად მხოლოდ კანონში ცვლილება არ არის საკმარისი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s