საქართველოში სომხური სათვისტომოს საპროტესტო აქცია

cms-image-0000442011915 წელს მომხდარი „სომხების გენოციდის“ გახსენება, რომლის შედეგად მილიონნახევარზე მეტი სომეხი დაიღუპა, სომხურმა სათვისტომომ 24 აპრილს საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციის ჩატარებით გადაწყვიტა, რაზედაც თბილისის მერიისგან უარი მიიღო. ოფიციალური მიზეზი გახლავთ ქუჩაში მოძრაობის სავარაუდო დესტაბილიზაცია, მაგრამ სომეხი თანამოქალაქეები თავის გადაწყვეტილებას მაინც არ ცვლიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ მერიის ამ გადაწყვეტილების გამო. თავისდავად ცხადია, თბილისს არ სურს, რომ თურქეთთან ურთიერთობა სომეხთა გენოციდის აღიარებით ან საპროტესტო აქციების მხარდაჭერით გაიფუჭოს.

 

ბუნებრივია, ვწუხვართ მომხდარის გამო და ვგმობთ ყოველგვარ დაპირისპირებას, კონფლიქტსა თუ ძალადობას! უფრო მეტიც, არც ჩვენ ვართ აღფრთოვანებული იმ ფაქტით, რომ თურქული მხარე არ იძლევა მის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესიების აღდგენის და ღვთისმსახურების ჩატარების უფლებას, მაშინ, როდესაც საქართველოში თურქული დიასპორის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მათი ისტორიული ძეგლები აღადგინონ, მეჩეთები ააშენონ და თავისუფლად ილოცონ!

 

თუმცა, მოდით შევთანხმდეთ, რომ ყველა მედალს მეორე მხარეც აქვს. საქართველოს თავისი მიწები, მისი მოსახლეობითურთ თურქეთის საზღვრების ფარგლებში აქვს ერთ დროს დატოვებული და მიუხედავად ამისა, დღეს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ინარჩუნებს, ეკონომიკურ, პარტნიორულ პროექტებს ავითარებს თურქეთის სახელმწიფოსთან, რადგან ის მისი სტრატეგიული პარტნიორია. არც არაფერია ამაში გაუგებარი ან გასაკვირი, დღევანდელ ვითარებაში, მის მიმართ აშკარად მტრულად განწყობილ გარემოცვაში, საქართველო იძულებულია მეგობრებს და თანამოაზრეებს ეძებდეს და იკრებდეს.

 

კარგა ხანია ქართველების დევნა-შევიწროვება მიმდინარეობს მის საკუთარ ტერიტორიაზე და ეს უკვე ათეულობით წლების განმავლობაში გრძელდება. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ ისტორიის წიაღში, „ეთნიკური წმენდის“ მსხვერპლნი გახდნენ ქართველები 90 -იან წლებში საკუთარ მიწაზე აფხაზეთში და სამაჩაბლოში, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 300 ათასი დევნილი საკუთარ ქვეყანაში, აგრეთვე ამას დაემატა 2008 წლის ანექსიის შედეგად ახალ დევნილთა რიცხვიც და მცოცავი ანექსია გრძელდება დღემდე; ათასობით დაღუპული ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი, უდანაშაულო მოქალაქე ემსხვერპლა რფ-იის იმპერიალისტურ ამბიციებს ჩვენს ქვეყანაში. ეს სამწუხაროდ ჩვენი ერის ისტორიული რეალობაა, ის მოცემულობაა, რომელთან გამკლავებაც კარგა ხანია გვიწევს.

 

თუ გავითვალისწინებთ არცთუ დიდი ხნის წინ მომხდარ ტრაგედიებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში, რომელიც დღემდე გრძელდება, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, შუაზე გახლეჩილ და სისხლმდინარე ქვეყნის გულს – სამაჩაბლოს, ასევე იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი რფ-ის წყალობით ხდება, რომელიც დღეს მოძმე სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია, ნამდვილად მაოცებს პრეტენზია ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ჩნდება კითხვები – რატომ არ აპროტესტებს საქართველოში მცხოვრები სომხური სათვისტომო ამ ფაქტებს ან თავის ან თუნდაც ჩვენს ტერიტორიაზე? სომხეთის მხარე მისცემს კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უფლებას მის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები გაუმართონ რუსეთის ფედერაციას? ან კი, სომხეთის ტერიტორიაზე რომელიმე სხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ანუ ჰყავთ კი საერთოდ ეთნიკური უმცირესობები? აღარაფერს ვამბობ აფხაზეთში ქართველთა დევნის და გენოციდის დროს სომხური ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა (რომლებიც დღეს თურმე აფხაზეთში უმრავლესობაში არიან) როლზე! მეგობრებო, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამოქალაქეები და მათ კარგად ახსოვთ ფაქტები, რომლებზეც საუბრობენ! ის, რომ საქართველო არავის პასუხს არ სთხოვს მის წინაშე ჩადენილ დანაშაულობებზე და მიუტევებს, მხოლოდ ქართველთა სულგრძელობაზე მეტყველებს და არა ჩვენს ცუდ მეხსიერებაზე ან “გიჟვრაცუობაზე”, როგორც თქვენ ხშირად გვიწოდებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდბუნებოვანი წინაპრები გვყავდა და მათი გენების წყალობით ქრისტიანული მიტევება სისხლში და ხორცში გვაქვს გამჯდარი. არ ვართ გულღრძო და უმადური ერი, ვცდილობთ კარგი დავინახოთ და ცუდი დავივიწყოთ, გენეტიკას ვერაფერს ვუხერხებთ. თუმცა, როგორც ჩვენში იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, შესაძლოა სწორედ ამის გამო ვუყვარვართ უფალს და არ გვწირავს. ყოველ შემთხვევაში ხასიათის ეს შტრიხი რომ ცხოვრებით ლაღად ტკბობაში და სიცოცხლისუნარიანობაში გვეხმარება, ეს ხომ ჯიუტი ფაქტია!

 

დღეს მე ნამდვილად მტკივა მოძმე სომეხი ერის ტკივილი და ვუთანაგრძნობ, თუმცა სხვა რამაც მაშფოთებს – ხომ არ არის ეს მტრის პროვოკაციული გეგმის ნაწილი? ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვმართებს სიდინჯე და წინდახედულობა, რომ არ ავყვეთ მოსალოდნელ პროვოკაციებს და ვიყოთ კეთილგონიერები, რათა არ აღმოვჩნდეთ სხვის ხელში ბრმა იარაღად! სიტუაცია კი კვლავაც ფეთქებადსაშიშია, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ნებისმიერი ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით, ხელს ნამდვილად არ აძლევს. ნებისმიერი დაძაბულობა და არეულობა მხოლოდ მტრის წისქვილზე შეიძლება ასხამდეს წყალს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s