კი…?! არა…?!

cloudquestionmarks-660x330

ვუყვარვარ?  კი…?! არა…?! ვუნდივარ? კი…?! არა…?!

ამაოდ დამაშვრალმა სად აღარ იარა,

დროის მორევში კი ბევრმა იუარა,

მრავალმა წყალმა და ჟამმა ჩაიარა.

ფრესკები დუმან, დროიდან მოსული,

თითქოს შეივრდომეს სული მარტოსული,

გუგუნებს, გმინავს ჟამი გარდასული,

ოხრავს დედამიწა ცოდვისგან ორსული.

ვინ არის პატრონი, ვინ არის გამგონი,

მხოლოდ ღვთის წყალობით, არაფრის არმქონი,

იმ ასი ათასი რჯულის არდამთმობის

მადლმა დაიფარა ბაგრატი და რკონი.

და მაინც, ქარ-ცეცხლში რამდენი იარა,

სული დამაშვრალი ვეღარ დაიამა,

სტკიოდა მას ქრისტეს ყოველი იარა,

აქ, ამ ცისქვეშეთში, სადღაც იქ კი არა!

მიმიღებს? კი…?! არა…?! დრომ კი გაიარა,

ღალატმა საიდან არ შემოგვიარა,

ოცდაათად ჰყიდნენ, მეტად კი არა,

ვეღარ მოიშუშა ვერც ერთი იარა.

ჯვარ-გუმბათოვანი ოშკი და ხანძთა,

კვლავაც უცნობი-ნაცნობი განცდა,

ლაზიკ-ეგრისი, სამეფო კახთა,

მარად ძიება თამარის განძთა.

ნეტავ რას ღაღადებს, ან ვისთვის ჩამოჰკრა

დღეს წმინდა სამების ამ დიდმა ზარმა?

მუმლი მუხასაო, ჯვარცმა გფარავსაო,

ბანს აძლევს გელათი, მცხეთა და ზარზმა.

ვუყვარვარ? კი…?! არა…?! ვუნდივარ? კი…?! არა…?!

ამაოდ დამაშვრალმა სად აღარ იარა,

იუდას ამბორი, ცრუ რწმენის იარა,

მრავალმა წყალმა და ჟამმა ჩაიარა.

თბილისი

15.02.2012

Leave a comment