შემოდგომა საღვინეში

224188-svetikდიონისეს ღიმილი კლავს სევდას თვალცრემლმორეულს,

დაბერტყავდა ბებო კაკალს, თხილს და  წაბლსაც მოლეულს.

გადაადნობს შემოდგომა ერბოს, ნაღდი ქარვისფერს,

შესძლებიათ მეგობრობა ბიასა და ატმის ხეს.

დაიწურა ბადაგი და მოეხადა თავი ჭურს,

გოლეულის მარაგი აქვთ ჭანჭურსა და ხეჭეჭურს.

ოქტომბერი დააუნჯებს, რაც ზაფხულმა წაიღო,

რთველი ყველას დააპურებს, მარნის კარი გაიღო.

თათარას თუ ფელამუშის დატრიალდა სურნელი,

მსუნაგ ბავშვებს ვერ დაუშლი, ჟინი თუ აქვთ ჩურჩხელის.

შემოდგომა დიონისეს კარებს ფართოდ გაუღებს,

ტალავერში იქორწინებს, ლხინსაც ალღოს აუღებს.

ოქტომბერი გობზე დაყრის თაფლისთვალა რქაწითელს,

ტრაპეზობას არ დაგაცდის, აკიდოებს აგკიდებს.

გოგრის გორებს დააყენებს, სიმინდს დოლაბს მიანდობს,

წისქვილის ქვას აამღერებს, ძველ ზღაპრებსაც გიამბობს.

საღვინეში შემოდგომა მომაგონებს ბავშვობას,

ბაბუაჩემს აქ უყვარდა ჭურზე სანთლის დადნობა.

ჭურის თავზე აღარავინ იღებს ახლა ჭაშნიკებს,

საწნახელში ქარი დაყრის მიტოვებულ ჩამიჩებს.

ბუხრის თავზე დოქის ირგვლივ არ აწყობენ ჭინჭილებს,

არც არავინ აღარ ითვლის შემოდგომის წიწილებს.

დიონისეს ღიმილი კლავს სევდას, თვალცრემლ-მორეულს,

საღვინეში არვინ იმკის წლის მოსავალს, მოლეულს.

 

21.09.12

თბილისი

Advertisements