ახალი წელი

ისევ მოვიდა ახალი წელი,

მისგან ყოველ წელს სასწაულს ველი,

სანთლები იწვის გულივით მწველი,

ოცნების ღამე, იმედი წრფელი.

ისევ მოირთო ლამაზად ნაძვი,

ჩიჩილაკს კვლავაც ამშვენებს ქაცვი,

შამპანიური, ყინულის სათლი,

დრო გულმოდგინედ წამებსაც ათვლის.

ღვინოში იწვის სურვილთა არზა,

ფერფლადქცეული ნაოცნებარი,

წამით დაკარგავს ყოველი აზრსაც,

და კვლავ გახდება ნაიმედარი.

თვალწინ გაირბენს გასული წელი,

იმედებით და გაცრუებებით,

დრო აღარ არის ისეთი ნელი,

აღარც გრძნობები გართულებებით.

ვარ მადლობელი იმის რაც იყო,

რაც მომიტანა და რაც გამიყო,

ბევრი იმედის კოშკი ამიგო,

ძველი ტკივილი სადღაც წაიღო.

დრო მაინც იწვის სანთლების მსგავსად,

თითქოს გარბის და არც ჩქარობს არსად,

დაიღვენთება, კვლავ მოვა ახლად,

ხან დაგამშვიდებს, ხან დაგცემს თავზარს.

ისევ მოირთო ლამაზად ნაძვი,

შამპანიური, ყინულის სათლი,

ჩიჩილაკს ჟღალად ამშვენებს ქაცვი,

დროს კი საათი წამებად ათვლის.

ისევ მოვიდა ახალი წელი,

ისევ ცივა და ღამეა გრძელი,

სანთლები იწვის გულივით მწველი,

ოცნების ღამე, იმედი წრფელი….

01.01.2013

თბილისი

Advertisements