“გვეშველება რამე?”

“გვეშველება რამე?”

ჩემი ფეისბუქის შარშანდელმა პოსტმა დამაფიქრა, როგორ არაფერი იცვლება, თითქოს დეჟავუ დამემართა:

“კვირას ტაძარში ზიარება რომ დაიწყო ცოტა ხნით ეზოში გამოვედი და სკამზე ჩამოვჯექი, ხანდაზმული მამაკაცები, როგორც ჩანს აფხაზეთიდან დევნილები, მსჯელობდნენ პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. გამიკვირდა, რამდენი სიბრძნეა ამ ხალხში, რამდენი რამ ესმით შესანიშნავად, მაგრამ რატომღაც მაინც არა და არ გვეშველა! ერთ ფრაზას მივაქციე ყურადღება, იხსენებდნენ 90-იან წლებს და თავისუფლებისთვის ბრძოლის ლაიტმოტივად ქცეულ – “ჩვენ ჩვენი საკმარი ყველაფერი გვაქვს”, რომელიც დღეს სასაცილოდ აღარავის ჰყოფნის! ახლა ეს ჭარმაგი მორწმუნეები იხსენებდნენ – “დამოუკიდებლობას რომ მოვიპოვებთ ჩვენ თავს შესანიშნავად ვირჩენთო, აქეთ ბორჯომი გვაქვსო, იქეთ მარგანეციო, თურმე სად არის კაცო, ეგ გვეყოფოდაო?!” ძალიან კი მინდოდა მეთქვა, სხვას ეგეც არ აქვს და მაინც შესანიშნავად ააწყვეს სახელმწიფო, მაგალითად, თუნდაც ისრაელითქო, მაგრამ საუბარში ჩარევისაგან რატომღაც თავი შევიკავე. მე კარგად მესმის, რომ ძლიერი მტერი გვყავს, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, ყველა შესაძლო გზებით გვებრძვის, რომ ფეხზე არ წამოვდგეთ როგორც სახელმწიფო, მაგრამ განა სხვებს არ ჰყავთ მტრები, მათ როგორ შეძლეს?! ანუ, მთლად ამაშიც არ არის საქმე! და მაინც, რა გვაკლია, რომელი რესურსი?! ვფიქრობ, ალბათ ადამიანური, ისევ და ისევ მენტალიტეტშია აქილევსის ქუსლი ჩამალული, ჩვენს დამახინჯებულ მენტალიტეტში, რომელიც გამუდმებით ცხოვრების არასწორ გზას გვკარნახობს და მცდარი არჩევანისკენ გვიბიძგებს!”

მაინც რა დაღი დაგვასვა ასეთი 70-წლიანმა საბჭოური ცხოვრების წესმა, ასეთი რა ნესტარი ჩაგვიტოვა სოციალიზმის ბზიკმა, რომ ვეღარაფრით მოვირჩინეთ?

ამ თემასთან დაკავშირებით შარშანწინ ამ დღეს ჩემს მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული პოსტიც სამწუხაროდ ასევე აქტუალური მეჩვენა:

“ჩვენ კლიშეებისგან განთავისუფლება ძალიან გვიჭირს და ისევ მენტალიტეტამდე მივდივართ! ყველა პრობლემა ხომ აქედან მოდის. გუშინ, სულთმოფენობას წმ. ნინოს ტაძარში წავედი (საგარეო საქმეთა სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს არის, 47-ე სკოლის გვერდზე). წინასწარ ყვავილების ყიდვა არ გამხსენებია, ამ დღეს ყოველთვის ყველა ტაძართან იყიდებოდა ხოლმე. საკმაოდ ცხელოდა, რუსთაველის გამზირიდან ჩიტაძის ქუჩის ბოლომდე ვიდრე ავაღწიე სულ გავიხვითქე. მრევლი თაიგულებით ხელში რომ დავინახე დავიწყე ყვავილების ძებნა, ხან ერთ მხარეს მივაწყდი, ხან მეორეს, თან ვკითხულობდი სად იყიდებათქო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არავის არ ჰქონდა გასაყიდი. ტაძრიდან რომ გამოვედი დამესივნენ მათხოვრები – “ხომ ვერ დაგვეხმარებითო?” ალბათ იფიქრეს, რომ უკვე მივდიოდი. “ყვავილები ხომ არ გაქვთთქო?” მეც მივაგებე შეკითხვა შეკითხვაზე. სამწუხაროდ არ ჰქონდათ და მირჩიეს ქაშვეთთან ჩავსულიყავი და იქ მეყიდა. უნებურად დავფიქდი, რამდენად გაზარმაცებულია ხალხი, წლების განმავლობაში სხედან ამ ტაძართან, ნუთუ ვერ ისწავლეს, რომ ამ დღეს ყვავილებით ფული შეიძლება იშოვნო? მაშინ, როდესაც სოფლებიდან მოდიან, გზაში ყვავილების დაკრეფვაც კი ეზარებათ, ამასაც ხომ არ უნდა ფული და საწყისი კაპიტალი, შენი არაფერი მიდის, დაკრიფე ბუნების მიერ ბოძებული და მომყიდე, იცი რომ ნამდვილად დამჭირდება და ვიყიდი! მაგრამ, ამის მიხვედრას სამეწარმეო აზროვნება სჭირდება, უფრო სწორად თავის შეწუხება და ტვინის განძრევა, რომელიც სამწუხაროდ გვიჭირს, გვეზარება. მოკლედ, ისე გავღიზიანდი, რომ ვერ დაგეხმარებით, არ მაქვსთქო ვუპასუხე, და დავეშვი ისევ რუსთაველის გამზირისკენ, ისევ ქაშვეთთან ჩამოსვლა მომიხდა. გზაში დავფიქრდი, ნეტავ ჩვენ ხომ არ გავაფუჭეთ ეს ხალხი? ეს იგივეა შენს შვილს რომ გაუწიო დათვური სამსახური და პარაზიტად გაზარდო, შრომას არ მიაჩვიო, არჩინო მთელი ცხოვრება და ხელის განძრევა არ ასწავლო. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის რაც მოუვა, რა რაოდენობის ქონება უნდა დაუტოვო რომ არ გაანიავოს და ნულზე არ დაიყვანოს, მერე კი შეიძლება გვიანიც იყოს ცხოვრების წესის შეცლა. განა ცოტა ვიცით ასეთი სავალალო მაგალითები?! არა, ამ ხალხს მათხოვრები აღარ ჰქვიათ, ეს მათხოვრობის ბიზნესად ქცეული სიმახინჯეა ჩვენი საზოგადოების! ჩვენ ვარჩენთ ასობით მათხოვარს და მათ თურმე ბევრ ჩვენგანზე მეტი შემოსავალი ჰქონიათ. არაფერი იმალება, ბანკებში ახურდავებენ ყოველ საღამოს ფულს, სხვებისგან გაგონილის დაჯერება მიჭირდა, მაგრამ თვითონაც შევესწარი არაერთხელ მსგავს ფაქტებს. იმდენად უმაქნისები არიან, რომ უკვე ყვავილის დაკრეფვაც კი ეზარებათ, რომელ მიწას დაგიმუშავებს გამათხოვრებული გლეხი? მომიტევოს უფალმა, მაგრამ, რაც ჩვენს თავს განსაცდელია, ყველაფერი ჩვენი გაუკუღმართებული აზროვნებიდან მომდინარეობს! ხელის განძრევა არავის უნდა და ციურ მანანს კი ელოდება ყველა, უდაბნოში ვართ, რომ ღმერთმა თავზე გადმოგვაყაროს? ხელი გაანძრიე მამაცხონებულო და ნუ იმათხოვრებ!”

დღეს ახალი პრედიკამენტის წინაშე აღმოვჩნდით, რომლის წინამორბედი მიზეზი სწორედ ეს უქნარობა და დაუდევრობაა – დაყიდეს მიწები და იმ მიწებს, ახლა ჩვენ რომ მივსტირით, უცხოტომელები ამუშავებენ და მშვენივრადაც ხეირობენ! საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ნაკუწ-ნაკუწ არ გაიყიდოს ისედაც ბალზაკის შაგრენის ტყავივით დაპატარავებული საქართველო, ან რატომ აღმოვჩნდით მარკიზ რაფაელ დე ვალენტენის მდგომარეობაში? პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია, ვნებათაღელვა კი იმატებს.

სიმართლე რომ გითხრათ, მათხოვარი მინახავს ევროპაშიც, აშშ-შიც, მაგრამ არა ამ კატასტროფული რაოდენობით, როგორც ჩვენთან. თუმცა, არ შემხვედრია ბენელუქსის ქვეყნებში, სადაც კარგი სოციალური დაცვის სისტემაა. საბერძნეთშიც კი, რომელიც ევროკავშირის ყველაზე გაჭირვებულ სახელმწიფოდ ითვლება, მათხოვარს ვერ ნახავ, სახელმწიფო დახმარებას უწევს ხეიბრებს და ყველას, ვისაც მუშაობა არ შეუძლია, სამაგიეროდ არც მათხოვრობის ნებას რთავს. ჩვენთან კი რა ხდება ამ კუთხით, არსებობს რაიმე ხედვა ან სტრატეგია ამ პრობლემის გადასაჭრელად, საინტერესოა, საერთოდ ვინმე ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე?

მე ვფიქრობ, საზოგადოებაც ინერტულია გამოსავლის ძიებაში, უფრო მეტიც, ჩვენი ბრალიც არის, ცუდად შევაჩვიეთ და ახლა სულელები ვგონივართ, იმუშავეთ და გვარჩინეთო ალბათ ფიქრობენ! როდესაც სადარბაზოსთვის დამლაგებელი დამჭირდა და ვკითხე ერთ–ერთ მათხოვარს, ხომ არ წამოხვალთქო, ცივი უარი მსტკიცა, ფასზეც კი არ დამლაპარაკებია. არადა მჯეროდა კეთილ საქმეს ვაკეთებდი, თურმე შევმცდარვარ. იცის, რომ მეტს იშოვნის არაფრის კეთებაში და რატომ შეიწუხოს თავი? მუქთამჭამლების და მუქთახორების არმია იზრდება, არ მცირდება, ჩვენი შემოსავლები კი არ იზრდება, მგონი პირიქით, მცირდება, იმიტომ რომ ყველა ჩვენ გვატყავებს. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს ეს უმოქმედობა?!

არ განიკითხო და არ იქნები განკითხულიო, სრულად ვეთანხმები და უპირობოდ ვიზიარებ, მაგრამ ამ სიტუაციაში მგონი ეს არ უნდა იყოს განკითხვა, ეს უფრო განსჯაა შექმნილი კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების მიზნით. ქვეყნის სიყვარული სხვა რაში გამოიხატება, თუ არა ფიქრში მის პრობლემებზე და ქმედებაში, რაიმე სახის ქმედებაში. რაციონალური აზროვნება, სინამდვილის შეცნობა, შესაძლებელია მხოლოდ განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რაც აუცილებელია წინსვლისა და განვითარებისთვის. დიდი ილია წერდა: “ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…”

ზოგადად, ყველაფერი ხომ მიზეზ–შედეგობრივია ამქვეყნად. ჩვენ გვიჭირს, იმიტომ რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის სულ მცირე 65-70 % არის დაუსაქმებელი და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი, შესაძლოა ნახევარიც კი, გამათხოვრებულია. ხელისუფლება კი რატომღაც არ ფიქრობს როგორ შეცვალოს ეს არსებული სამარცხვინო რეალობა, რომელიც დეკადებია გრძელდება, როგორც ჩანს არ აღელვებთ. ასე ნამდვილად აღარ შეიძლება გაგრძელება, ქვეყანას შეესია გამათხოვრებული მოქალაქეების მასიური არმია. სოციალური დაცვის სისტემა უნდა დაიხვეწოს და ამუშავდეს, ეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს ხელისუფლების პრეროგატივა და საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებაა.

ჩვენი კლიშედ ქცეული კითხვა მახსენდება ისევ – “გვეშველება რამე?” ღმერთო შენ მოგვიყვანე გონს, რომ გვეშველოს, დაგვალაგებინე ეს არეული ქვეყანა, სადაც თითქმის ყველაფერი უკუღმა და არასწორად არის გაგებული, მათ შორის უფლის რწმენაც კი! უფალმა თქვა – ხელი გაანძრიე და გეშველებაო, ისევე, როგორც ეშველათ ჩინელებს, ებრაელებს, თურქებს, კორეელებს და მრავალ სხვას, ვინც ტვინი გაანძრია და ხელიც ზედ მიაყოლა, თავდაუზოგავად იშრომა და სხვისი ხელის შემყურეობა არ აურჩევია გამოსავლად.