რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში

დილით, გამოღვიძებისთანავე, პირველივე სტატია, რაც შემხვდა იყო იუსტიციის მინისტრის კითხვით დასათაურებელი, მოკლე წერილი. კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას, რატომ უნდა იყოს სააკაშვილი გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში?

“ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება, ოღონდ ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას?”

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შესაწყვეტად მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის პირობა წამოაყენა.

დიახ, ბატონო მინისტრო, გავკადნიერდები და შეგახსენებთ, ეს არის საყოველთაო სტანდარტებით განსაზღვრული, სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებით აღებული ვალდებულებები, რომელთაც საქართველო მიუერთდა, კერძოდ, გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ, ადამიანის საყოველთაო უფლებების  (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) რეგულაციები, დადგენილი ევროპული კონვენციით ადამიანის უფლებების და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის შესახებ, რომელთა ფუნდამენტური და უმთავრესი პრინციპია, რომ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა აიკრძალოს. ასევე, არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებები, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი (ICCPR), რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აბსოლუტურია პირის უფლება, არ დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ თუ ღირსების შემლახველ მოპყრობას და დასჯას. საუბარია ასევე პატიმართა დაცვის ვალდებულებაზე სხვა პატიმართაგან მომდინარე რისკებისაგან.  მოვიყვან ზოგიერთ მაგალითს:

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი

მუხლი 3, წამების აკრძალვა

ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.

მუხლი 6, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება

1. ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.

2. ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

ა. მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით გააცნონ წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;

ბ. ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად;

ც. დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;

დ. თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;

ევროპის საბჭო, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec (2006) 2 წევრი სახელმწიფოებისადმი, ევროპულ ციხის წესებთან დაკავშირებით:

პატიმრის გადაყვანა

32.1 პატიმრების გადაყვანისას ციხეში და ციხიდან, ან სხვა ადგილას, როგორიცაა სასამართლო ან საავადმყოფო, ისინი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ეჩვენონ საზოგადოებას და სათანადო დამცავი საშუალებები უნდა იქნას უზრუნველყოფილი მათი ანონიმურობის დასაცავად.

ჯანდაცვის უზრუნველყოფა

46.1 ავადმყოფი პატიმრები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალისტის მკურნალობას, გადაყვანილ უნდა იქნან სპეციალიზებულ დაწესებულებებში ან სამოქალაქო საავადმყოფოში, თუკი ასეთი მკურნალობის საშუალება არ არის ციხეში.

ასევე, ჩვენი ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე გვაქვს განსაზღვრული ვალდებულებები:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №35, 2000 წ. 24 მარტი, ქ. თბილისი. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოშიმშილე მსჯავრდებულთა და პატიმართა მიმართ მოპყრობის წესის და მათი შენახვის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4. მოშიმშილის მიმართ მოპყრობის წესი და მისი შენახვის პირობები:

1. მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, დირექტორის ბრძანებით იგი შეიძლება მოთავსდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში.

2. თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი დირექტორის ბრძანებით, საექიმო დასკვის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადაიყვანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში და ამის თაობაზე ეცნობება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ასევე შესაბამის ზედამხედველ პროკურორსა და მოშიმშილის ოჯახის წევრს.

4. მოშიმშილე იმყოფება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და გადის ყოველდღიურ სამედიცინო შემოწმებას, რის შესახებაც აღინიშნება მოშიმშილის სამედიცინო ბარათში.

5. სამი დღე-ღამის განმავლობაში საკვების მიუღებლობის შემთხვევაში, მოშიმშილე ექვემდებარება საექიმო გასინჯვას მისი ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, რის შესახებაც აღინიშნება მოშიმშილის სამედიცინო ბარათში.

6. თუ შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში მოშიმშილის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება, ადმინისტრაცია მოვალეა აღმოუჩინოს მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ამის შესახებ აცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ასევე შესაბამის ზედამხედველ პროკურორს. მკურნალობის პროცესი წყდება მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, რის თაობაზეც ექიმის მიერ მოშიმშილის სამედიცინო ბარათში კეთდება მოტივირებული დასკვნა.

ჩვენ გვაქვს არცთუ სახარბიელო რეალობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმარია, რომელიც 40 დღეზე მეტია შიმშილობს, მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და თავის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. სტრასბურგის სასამართლოს თხოვნის შემდეგ, იგი დათანხმდა შეწყვიტოს შიმშილობა, იმ პირობით, რომ გადაიყვანენ კერძო კლინიკაში. ეს მისი ლეგიტიმური უფლებაა, გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია არანაკლებ სახიფათოა და სათანადო სამედიცინო ზედამხედველობას უნდა ექვემდებარებოდეს, შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების მხრიდან. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება, გადაიყვანოს ის მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ადექვათურ მკურნალობას იქ, სადაც მედ. პერსონალი შეძლებს გაუწიოს შესაბამისი პროცედურებით უზრუნველყოფა, ადექვათური ტექნიკური აღჭურვილობის მქონე სამედიცინო დაწესებულების პირობებში.

დღეს ექს-პრეზდენტი გულის, ტვინის ან რომელიმე სხვა სასიცოცხლო ორგანოს გათიშვის საფრთხის ქვეშ იმყოფება, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი რომელიმე მაღალპროფილურ საავადმყოფოში, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს, მისივე ინიციატივით შეიქმნა, აღიჭურვა და ამუშავდა. ეს იქნებოდა ცივილური, დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფოს რეაქცია, მისი მესამე პრეზიდენტის შიმშილობაზე, თუნდაც ის დამნაშავე იყოს. მისი იატაკზე თრევა, ძალადობა, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური და მითუმეტეს, მისი სიცოცხლის ხელყოფა, ქვეყნის ისედაც შერყეულ იმიჯს, მთლად გაანადგურებს და შესაძლოა უმართავი პროცესებიც კი გამოიწვიოს ქვეყანაში. ვინ, თუ არა თქვენ, შესანიშნავად იცით, რომ მისი მომხრეები ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე, ნახევარს მაინც შეადგენენ! ადამიანები, რომელთაც უხარიათ პრეზიდენტის დაპატიმრება, ან მისი თმებით თრევა და იატაკზე ფორთხვა, არ წარმოადგენენ ჩვენი ერის სახეს, მერწმუნეთ ქართველები ბევრად უფრო სულგრძელი, ტოლერანტული, მიმტევებელი და ჰუმანური ღირსების მატარებელი ერია.

ნუ მივაყენებთ დასავლური ფასეულობების უგულვებელყოფით ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ რეპუტაციულ ზიანს, მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერის ტრადიციებს და კულტურას შეეფერება, როგორც ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ მომზირალ სახელმწიფოს მოეთხოვება. მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და არ გავახარებთ მტრის გულს. ჩვენი საზოგადოების პოლარიზაცია, მხოლოდ მტრის წისქვილზე დასხმული წყალია. ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის, ერთიანობა ისეთივე აუცილებლობაა, როგორც ნებისმიერი სულიერი არსებისთვის ჰაერი და წყალი. ეს კი, ყველაზე მეტად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საზოგადოების განწყობებს დიდწილად ხელსუფლებები განაგებენ და მათთვის სასურველ კალაპოტში მოაქცევენ ხოლმე, შეუძლიათ გააძლიერონ ურთიერთგაგების და ურთიერთპატივისცემის დადებითი მუხტი, ან ხელი შეუწყონ დაძაბულობას, არეულობას და ძალადობას, რაც გამოიწვევს დესტაბილიზაციას და მათ ინტერესში წესით არ უნდა შედიოდეს. მგონი საღი აზრი გაიმარჯვებს და არჩევანს შევაჩერებთ იმაზე, თუ რა ჯობს შექმნილ ვითარებაში ჩვენი ერთობ სენსიტიურ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის. მთავარია კეთილგონიერება და სულგრძელობა გვეყოს, იმედია, რომ ასეთის დეფიციტი არ გვაქვს.

ევროპული პროექტის ფარგლებში საქართველოს მთის ტურიზმისთვის 6,8 მილიონი ევრო  გამოიყო | imedinews

ფოთოლცვენა

ნორჩი ალუბლის რტოებს,

თმაში იბნევდა კრძალვით,

და გაზაფხულის მოსვლას

ცა აბერტყავდა კალთით.

ვარდისფერ ყვავილცვენას

სული ამკობდა ლექსით

ახლა კი ფოთოლცვენას

ვეღარაფერი შველის.

წამი წამს მისდევს, მიჰყავს

გზები წარსულის ტბაში,

მკრთალ ჰორიზონტზე იქ დგას,

მორცხვი, პატარა ბავშვი.

უმწეო, ვით ფარვანა,

მოკრძალებული გულით,

რა მიმნდობია და სწამს,

რომ ქარს სუფთა აქვს სული.

ჰგონია ყველას უყვარს,

სჯერა, არავინ ტყუის,

ღიმილს დააფრქვევს უხვად,

არა აქვს შიში მრუდის.

ჯერ არ უნახავს ხეებს

როგორ გაძარცვავს ქარი,

გადაშლის ფერად ვეერს,

გათელილ კოკრებს დაყრის.

მერე ქარბუქიც მოვა,

გაძარცვულ რტოთა მტვრევით,

ფერად ყვავილთა თოვას

დაფარავს რუხი მტვერით.               

თავს იწონებდა ვარდთან,

იას მოსწყვეტდა ამბორს,

ყოჩივარდების დასთან,

იპყრობდა ზურმუხტ მთა–გორს.

ნორჩი ალუბლის რტოებს,

თმაში იბნევდა კრძალვით,

და გაზაფხულის თრთოლვას,

ცა აბერტყავდა კალთით.

ვარდისფერ ყვავილცვენას

ახმიანებდა ლექსით,

ახლა კი ფოთოლცვენას,

ვეღარაფერი შველის.

თბილისი

03.04.12