ოქტომბრის დილა

ქარმა გაძარცვა ახლა ხეები,

ოქტომბრის დილა ქარებით გვიტევს,

გაშიშვლდებიან მთებზე ტყეები,

ხეს ქარბორბალა მკლავებზე იწვენს.

ფერები ქრება, როგორც დღეები,

მიწას ფოთლების ახურავს ქოლგა,

სევდამ აღმართა სალი კლდეები,

ნეტავ ზაფხული ისევ თუ მოვა.

შემოეძარცვათ ტყეებს საფარი,

ხეების მსგავსად ზამთარს ვნებდებით,

დარდი კვლავ დაძრწის, მიუსაფარი,

წლები მიქრიან და ჩვენც ვბერდებით.

ბევრი გვინახავს მწარეც და ტკბილიც,

ხან გვამშვიდებდა წვიმის წვეთები,

ხან ვერ ვუძლებდით სულიერ ტკივილს,

თუმცა, გვინახავს სამოთხეებიც.

მთვარის დიალოგს ისევ შევები,

ვერცხლის სხივებით თავისკენ მიწვევს,

იცის, ნაზ ვარდებს ახლავს ეკლები,

მთვარე სიბნელეს დუელში იწვევს.

ქარმა გაძარცვა ახლა ხეები,

ოქტომბრის დილა ქარებით გვიტევს,

უხმოდ ილევა თბილი დღეები,

და შემოდგომა სინანულს იტევს…

10.10.23

თბილისი

თუკი ღმერთია …

თუკი ღმერთია დღეს ყველაფერი, რაც გაგაჩნია,

ყველაფერი გაქვს, რაც კი გჭირდება ამ ცხოვრებაში,

რწმენა ღვთის მადლად, დარდი იმედად გადააქცია,

ამაო ღელვა დარჩა წარსულის მოგონებაში.

თვალი თუ არ გაქვს სხვის კუთვნილზე, ან სხვის სახლ-კარზე,

არ გტანჯავს შური, მატყვევებელი კეთილი ნების,

სხვის სიკეთეზე ღამით ძილი თუ არ დაკარგე,

ოქროს ცისკარზე, ჩიტების ტკბილი გალობა გესმის.

თუ არ ივიწყებ, რომ სხვებზე მეტი არაფრით არ ხარ,

რომ ამქვეყნიურს ჰქვია მხოლოდ – ამაოება,

რომ ერთხელ დროში იკარგება ყოველი, რაც გაქვს,

და რომ რწმენაა სულის სიმდიდრე და სათნოება.

თუ ძალა შეგწევს ყველა გიყვარდეს, იყო გულსათნო,

მტერს არ უწოდო მოყვარე, ხოლო მოყვარეს მტერი,

თუ ის ხარ, ვისაც მოყვასი თავის საწადელს ანდობს,

ცოდვა გძულს, ხოლო ცოდვილთან რჩები მიმტევებელი.

შენშია რწმენა მომავლისა და სამყაროს წესის,

იცი, გიბრუნებს ათასმაგად, რასაც გაუშვებ,

ხარ განმგებელი საკუთარი ყოფის და ბედის,

სიმუხთლეს, ღალატს, მზაკვრულ აზრებს სულში არ უშვებ.

თუ არ იყენებ ღმერთის სახელს ფარისევლურად,

მტრობა და შუღლი ჩაიძირება მოგონებაში,

არ გაქვს მტაცებლის ინსტინქტები, არ ცხოვრობ მგლურად,

სამყაროს ცენტრი კონცენტრირდება შენს გონებაში.

თუკი ღმერთია ის ყველაფერი, რაც გაგაჩნია,

ყველაფერი გაქვს, რაც დაგჭირდება ამ ცხოვრებაში,

მისმა სწავლებამ ბევრჯერ ხიფათსაც გადაგარჩინა,

ასე იყო და ასე იქნება მარად, მყოფადშიც.

06.10.23

თბილისი

მაცხოვარი

დღეს იესო ვიხილე,
მოწყალებას ითხოვდა,
წყალობა რომ გავიღე,
მან დალოცვა მიბოძა.

თმაშევერცხლილს, უპოვარს,
ალბათ ბევრი ვერ ცნობდა,
ვერ ხედავდა მაცხოვარს,
თორემ სულსაც ანდობდა.

მის მზერაში ცეზიდან,
ანგელოზნი გალობდნენ,
არავისგან ეწყინა,
მისთვის წუთს რომ არ თმობდნენ.

ქუჩის აურზაურში,
მოწყალებას ითხოვდა,
მის უძირო მზერაში,
ღვთისმშობელი ტიროდა.

ზოგი მხცოვან მათხოვარს
შორით შემოუვლიდა,
ალბათ ხატთან მაცხოვარს,
მერე ლოცვას უთვლიდა.

დღეს იესო ვიხილე,
მოწყალებას ითხოვდა,
წყალობა მე მივიღე,
მან დალოცვა მიბოძა…


11.05.23
თბილისი