ცხოვრება სულ ერთი წამია

ცხოვრება სულ ერთი წამია,

დროს ვუთმობთ ამ წამის ათვლას,

შექმენი, რაც გულით გწადია,

ბედს ნუ ემონები მსახვრალს.

 

რა დიდი, რა მცირე თასია,

ფიქრობ რომ ვერ შესვამ, მაგრამ

მიხვდები, მთავარი აზრია –

გაკაჟებს თურმე რაც არ გკლავს.

 

სიცოცხლე სულ ერთი წამია,

მოასწრებ, რაც გულით გინდა,

თუ გახსოვს, რომ ცოდვა ნავსია,

დაამსხვრევ უფსკრულის პირთან.

 

პატარა, თან დიდი ნავია,

ჩაატევ ყველას, ვინც გიყვარს,

გახსოვდეს, მთავარი არსია –

ეს ნავი საითკენ მიგყავს.

 

ცხოვრება სულ ერთი წამია,

მოხედვას ვერ ასწრებ, გაქრა,

გუშინ რაც იყო, დღეს წავიდა,

მოსვლას სულ თან დასდევს წასვლა.

 

დიდი, თან პატარა თასია,

არც გყოფნის, ბოლომდე არც სვამ,

გარშემო მრავალი აზრია,

არ აჰყვე ცბიერს და მზაკვარს.

 

სიცოცხლე სულ ერთი წამია,

და შენი სხვა წამებს არ ჰგავს,

ამ წამში რისი თქმა გწადია,

რას უთმობ სანუკვარ ზრახვას.

 

ზოგის დრო სიყვარულს ეძღვნება,

ზოგი კი აქორებს მუცელს,

ზოგი ღობე-ყორეს ედება,

ზოგ სიტყვას ფასი აქვს უთქმელს.

 

ცხოვრება სულ ერთი წამია,

თავქვე სვლას ხან მოსდევს ზესვლა,

დაფიქრდი, გულით რა გწადია,

მოიმკი, რასაც დღეს თესავ.

 

შექმენი, იშრომე, იღვაწე,

გახსოვდეს, ფასი აქვს ამ წამს,

იცოდე, რომ ბოლოს ინანებ,

ცრემლი დაგიმძიმებს წამწამს.

 

სიცოცხლე სულ ერთი წამია,

ჩათვალე, სხვა წამი არც გაქვს,

მთავარი ამ წამის არსშია,

ბედს ნუ მორჩილდები მზაკვარს.

 

არაფერი რჩება მუდმივად,

აღმართი მოჰყვება დაღმართს,

დრო შეცვლის ‘პანგეა ულტიმას’,

ან გტაცებს იმასაც, რაც გაქვს.

 

ცხოვრება ხანმოკლე წამია

შენი არავისას არ ჰგავს,

რას უთმობ, რისი თქმა გწადია,

რამდენს უმსუბუქებ ამ წამს.

 

ზოგი სიკეთისთვის დაშვრება,

ზოგიც ამოივსებს ჯიბეს,

ქვეყნად არაფერი არ ქრება,

სამყარო რაღას არ ითმენს.

 

სიცოცხლე სულ ერთი წამია,

მიიღე ეს წამი ვალად,

იფიქრე, რა კვალი გწადია,

დატოვო ამ წამის ნაცვლად.

 

აქ არავინ რჩება მუდმივად,

დაღმართი მოჰყვება აღმართს,

ცხოვრება წააგავს ურმის თვალს,

საზრისს თუ არ უთმობ ამ წამს.

 

05.05.22

თბილისი

ქრისტე იშვა ბეთლემსაო

წელს პირველად მისახსოვრა
მუზამ მადლიანი ლექსი,
ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა,
რითმით ჩაიმღერა ტექსტი.

ოცდახუთსა დეკემბერსა,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ზეცამ მადლი მოგვივლინა,
შევეგებოთ ჩვენს მხსნელსაო.

შემოფრინდა აღმაფრენა,
სიხარული უფლის შობის,
განკაცება თვით ინება,
ციდან ისმის ხმა გალობის.

სასოების ღამე დგება,
ვარსკვლავებით ნაუწყები,
ბაგაში რომ ყრმა იწვება,
არის ქვეყნის გამომხსნელი.

ქერუბიმებს ლხინი ჰქონდათ,
მოგევლინათ მფარველიო,
ვარსკვლავს კიაფი გაჰქონდა,
მოგვთა იყო გზამკვლევიო.

დაგაპურებთ, დაგაოკებთ,
ბევრს გიჩვენებთ სასწაულებს,
სიყვარულით გაგაოცებთ,
არ მოითხოვს საზღაურებს.

ოცდახუთსა დეკემბერსა,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ზეცამ მადლი მოგვივლინა,
მივეახლოთ მეფესაო.

ფანჯარაში სანთლით შევხვდეთ,
შემოვუშვათ უფლის ნება,
წმინდა დედა ღვთისმშობელი,
ყველა სარკმელს ეგებება.

ჯადოსნური ღამე დგება,
ვარსკვლავებით ნაუწყები,
ბაგაში რომ ყრმა იწვება,
ცოდვებისგან არის მხსნელი.

საშობაოდ დამეწვია
ამ წლის სულ პირველი ლექსი,
ჩემი მუზა კვლავ მეწვია,
ჩაიმღერა რითმამ ტექსტი.

06.01.22
თბილისი

ზამთარი

ახლა თოვაა მთაში და ბარად,

ცა არ იშურებს მტრედისფერ ფიფქებს,

შავ-თეთრ პეიზაჟს გვიხატავს ბარდნა,

ორ ფერად ფარავს ზვრებსა თუ მინდვრებს.

რამდენი დარჩა გაზაფხულამდე

დღეებს ვითვლი და ყინვა კვართს იქნევს,

მიყვარს ზამთარი, თეთრად ელვარე,

მაგრამ ეს გული აპრილებს ირჩევს.

ყოჩივარდები იბარტყებს მალე,

ახლა ლოდინი ლოდად მაწვება,

გადავიზამთრებთ თებერვლის ქარებს

და გიჟი მარტიც მალე დადგება.

დილამ იმატა, ღამეც დაიკლებს,

გული ვერ ითმენს იგრიკის თვემდე.

თავის რჩეულ გზას თავად გაიკვლევს.

კვლავ სასოებით დაითვლის დღეებს.

ახლა თოვაა მთაში და ბარში,

ზეცა უხვად ყრის მტრედისფერ ფიფქებს,

შავ-თეთრ პეიზაჟს გამოცვლის მაშინ,

როცა შროშანი დაფარავს მინდვრებს.

რამდენი დარჩა გაზაფხულამდე,

დღეებს ვითვლი და ყინვა კვართს იქნევს,

მიყვარს ზამთარი, თეთრად ელვარე,

გული კი ურჩად მაისებს ირჩევს.

21.01.22

თბილისი

გულისაბ იხარებს, ვიდრე კვლავ დაღამდა

ვინც ლექსს წერს, განა ყველა მგოსანია,
ვინც გალობს, განა ყველა ბულბულია,
სულს საზრდოს რით აწვდის, რის შემმოსავია,
მრავლის მეტყველია, სამყაროს გონია?

რა სტკივა მის მოდგმას, ან რა აქვს სათქმელი,
რამდენი ითქვა და რამდენმა ასწავლა,
სიცრუვე აღზევდა, რითია ნაკვები,
ჰომო საპიენსი რის გამო გაწვალდა.

ჯერ კაცობრიობის აკვანი ირწევა,
რამდენ ათასწლეულს ზიდავს ამ ლოდებს,
ღვარცოფი, ომი თუ მშვიდობა იქნება,
ბუნებას თუ ერჩი, ის წუხს და გოდებს.

ქარები მორეკენ უსაზღვრო იმედებს,
გაზაფხულს ვეშურვი, გულმა რომ დალანდა,
აპრილი მოიტანს ყვავილთა სიმღერებს,
გულისაბ იხარებს, ვიდრე კვლავ დაღამდა.

ვინც წამლობს, განა ყველა მკურნალია,
ვინც მართავს, განა ყველა მმართველია,
სოციალისტია, თუ დემოკრატია,
გესლს ღვრის თუ სიმართლის მქადაგებელია?

რა სტკივა დღეს ნეტავ ადამის მონაგარს,
რა სიმპტომს უჩივის ყველაზე მეტად,
დაფიქრდი ვინა ხარ, ღალატის მონა ხარ,
ბრბოში ხარ, თუ კვლავაც დადიხარ კენტად.

რისთვის ხარ მოსული, რა არის მისია,
ეს დედა ბუნება, შენი თუ სხვისია,
რა ცოტას სტკივა და რამდენი ფიქრდება,
რომ ღვთის ბოძებული მთა-ბარი მისია.

ბუნება გვიგზავნის სოლიდურ მესიჯებს,
ამ ავბედ ღრუბლებსაც ქარი გადარეკავს,
კოსმოსი არა ცნობს ყალბთა ცრუ დევიზებს,
მათ ზიარ ღალატსაც დროება წალეკავს.

დღეს კაცობრიობის აკვანი ირწევა,
რამდენ ათასწლეულს გაუძლებს ნეტავ,
ღვარცოფი, ომი თუ მშვიდობა იქნება,
კოსმოსს თუ უმიზნებ, ის რისხვას ბერტყავს.

ვინც კი წერს, განა ყველა მწერალია,
ვინც სწირავს, განა სულყველა მღვდელია,
სიყვარულს ქადაგებს, თუ მაწყევარია,
ცრუ მჭერმეტყველია, თუ ღვთისმგმობელია.

კაცთა მოდგმისათვის ვის რა აქვს სათქმელი,
რამდენი ითქვა და რამდენმა ასწავლა,
სიყალბე აღზევდა, რითია ნაკვები,
ჰომო საპიენსი რის გამო გაწვალდა?

ქარები მორეკენ უსაზღვრო იმედებს,
გაზაფხულს ვეშურვი, გულმა რომ დალანდა,
აპრილი მოიტანს ყვავილთა სიმღერებს,
გულისაბ იხარებს, ვიდრე მთლად დაღამდა.

…………………………..
02.07.22
თბილისი

ცინიკოსი

მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას – არვინ,

ყველას ჰგონია თავი ყველაზე ბრძენი და კარგი,

ბედნიერია, ვინც სხვის ქონებას – არასდროს არ თვლის,

თავს ჭკვიანად თვლის, მოხვეჭას ცდილობს – ბრიყვი და ხარბი.

სხვის უგნურებას ყოველი განსჯის, მისას არად თვლის,

სჯერა რომ თვითონ ცოდვიანი – ნამდვილად არ არის,

მუდამ ვიღაცის მოსავალს წურავს ცოდვის მარანში,

ჭეშმარიტ რწმენას უფალს გაანდობს ბრძენი საყდარში.

რწმენა უფლისა სიბრიყვეაო, ფიქრობს მავანი,

რად არ შველისო მაშ თავის სამწყსოს – ამბობს ქარაგმით,

იდევნებოდა ვინც შეინახა წმინდა გრაალი,

ამაოებას გვიქადაგებდნენ ქრისტეს ალაგმვით.

ვიღაცას სჯერა, რომ ერთგულება შაური არ ღირს,

არა სწამს ღმერთის, არც სიყვარულის, გართულა ზაკვით,

აქვე მოიწყოს დღეს ურჩევნია ედემის ბაღი,

არ აქვს იმედი არც ზეციურის, არც უფლის მადლის.

სხვის უმეცრებას ყველა განიცდის, მისას – არავინ,

სჯერა ამქვეყნად მის წილ სიკეთეს არ ჰყავს ბადალი,

ზოგისთვის თურმე შურისგებაა მცნება მაღალი,

სხვა ამქვეყნიურ სიმდიდრესაც არაფრად არა თვლის.

სასწაულების დანახვის ძალა არ შესწევს ყველას,

იქ, მარადიულში – სიმშვიდეა, აქ კი კვლავ ელავს,

ცოდვის წარღვნაა და განკითხვის კუპრივით ზღვა ღელავს,

ფესვი თუ მოკვდა ხეც ხომ მოკვდება, ცხოვრება ხეს ჰგავს.

ხვალისთვის ნეტავ ამინდის როგორი პროგნოზია,

გვალვაა, ყინვაა, დაგვტოვებს მშიერს კოროზია?

დღეს მშვიდი ცხოვრება რატომღაც უცხო ჩაროზია,

რა გაეწყობა, ოდითგან – ბუნება გოროზია.

თებერვალი, 1986 წ.
(აღდგენილი 2012 წ.)