არ მიყვარს ლიტონი სიტყვები

არ მიყვარს ლიტონი სიტყვები,

არც ბედის სინჯვა და ცდა,

უცნობი შეცნობით ვირჯები,

ქვეცნობიერშია ხსნა.

არ მიყვარს პირმოთნე სიცრუე,

ვერც ზაკვაში ვხედავ აზრს,

სამყაროს გონშია სიმართლე,

და ჭეშმარიტების გზა.

არ მიყვარს სიტყვები მლიქვნელის,

გამოწვევები და ცდა,

თუკი სიმართლისთვის ვისჯები,

დავაფრქვევ ცრემლების ზღვას.

მერმისს უპირობოდ ვენდობი,

გავუღებ იმედებს კარს,

აღმართ-დაღმართია ფერდობი,

გუშინ ვერ აჯობებს ხვალს.

გული გამარჯვებას მპირდება,

მე ვუსმენ მის მართალ ხმას,

ურჩად მთხოვს არ დავყვე რუხ სევდას,

არ მაძლევს არჩევანს სხვას.

არ უყვარს ლიტონი სიტყვები,

არც ბედის სინჯვა და ცდა,

უცნობი შეცნობით ვირჯები,

ვიმარჯვებ, სხვა არ მაქვს გზა.

10.06.10

თბილისი

მალე გაზაფხული მოვა

მალე გაზაფხული მოვა,
ზეცას შეფაკვლია ღაწვი,
ვეღარ შეაშინებს თოვა,
მერცხალს, ღრუბელს ზემოთ აჭრილს.

შავ-თეთრ პეიზაჟის გლოვას,
შეცვლის ნაირფერი გამა,
აღარც ქარიშხლების ქროლვა,
ხვალ-ზეგ თებერვალიც გავა.

ვეღარ ემუქრება სუსხი,
ყოჩივარდს, დაფენილს ველად,
გაზაფხულის ელის ქუხილს,
ია, ენძელა და თელა.

ველ-მინდორი თვალებს ახელს,
ტყისკენ იპარება ჯანღი,
ელვა და ქუხილი, მჭახე,
მერე შხაპუნების ჯანყი.

მალე გაზაფხული მოვა,
ზამთარს გაწყვეტია ქანცი,
მარტმა თუ ისესხა თოვა,
ვალს ვერ დაახვედრებს აპრილს.

შავ-თეთრ პეიზაჟის გლოვას,
შეცვლის მზის ფერადი გამა,
აღარც ქარიშხლების ქროლვა,
ხვალ-ზეგ თებერვალიც გავა…


28.02.24
თბილისი

შენდობის კვირა

შენდობის კვირას, შენდობას ვითხოვ,

შევთხოვ ჩემს უფალს, მოწყალე იყოს,

მიტევებაა რჩეულთა ხვედრი,

გულმოწყალება, გულებს თუ იპყრობს.

მან დაგვიბარა, როგორ ვიცხოვროთ,

როგორ ვიფიქროთ ცხოვრების არსზე,

როგორ გვიყვარდეს და არ ვიომოთ,

როგორ ვიაროთ სიკეთის გზაზე.

გვასწავლა როგორ ვიყოთ გულ-სათნო,

კეთილგონიერ აზრებს მივსდიოთ,

ვიყოთ ერთგული და ვიყოთ სანდო,

ბოროტის გზებით სვლა არ ვირჩიოთ.

როგორ შევუნდოთ მტერს თუ მოყვარეს,

არ გავიხსენოთ ძველი წყენები,

ყური არ ვუგდოთ ბრიყვს და მოლაყბეს,

წამხალისებელს მტრული ვნებების.

როგორ გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები,

და სინანულის ცრემლით დავნამოთ,

არ განვიკითხოთ ცოდვისთვის სხვები,

ოდენ საკუთარ სულს რომ არ ვავნოთ.

როგორ ვამხილოთ ბოროტი ზრახვა,

და ავირიდოთ ბნელი საცდური,

გავაძლიეროთ სულში უფლის ხმა,

ამოვითხაროთ თვალი მაცდური.

გვასწავლა ვუგდოთ ყური გულისხმას,

კეთილგონიერ აზრებს მივენდოთ,

ამოვთქვათ სიტყვა მართალი, სათნო,

ქილიკით სული არ წარვიწყმიდოთ.

შენდობის კვირას, შენდობას ვითხოვ,

შევთხოვ ჩემს უფალს, მოწყალე იყოს,

მიტევებაა რჩეულთა ხვედრი,

გულმოწყალება, გულებს თუ იპყრობს.

6 მარტი, 2022

თბილისი