ფოთოლცვენის სევდა

ხეს დაეტყო ფოთოლცვენის სევდა,
თვალს ადევნებს ცვლას ჟამთა და წელთა,
იცის, მალე თოვლი შეცვლის წვიმას,
ქარს ფოთლები სადღაც ურცხვად მიაქვს.

ყვითელ ფოთლებს შეპარვიათ ქარვა,
ახლა მალე შემოდგომაც გავა,
დღე მოიკლებს, მოიმატებს ღამე,
თეთრი ფიფქი გადაფარავს არეს.

დილის სხივი ძველებურად ანცობს,
მოცახცახე, ფერად ფოთლებს ათბობს,
ეპარება ყოველ სახლის სარკმელს,
ყველას ეტყვის სათითაოდ სათქმელს.

არ მოკვდება დედამიწა ვიდრე,
სიკეთეს და გულის სითბოს იტევს,
ვიდრე ქვეყნად კაცი ნაღდად კაცობს,
ვიდრე ქალში სათნოება ფასობს.

თუ სიყვარულს მართლაც ღმერთი ჰქვია,
ძმას ძმისთვის არ ემეტება ტყვია,
ბოლოს ყველა მის წილს იღებს ფიცარს,
მიწაა და კვლავ იქცევა მიწად.

ხეს დაეტყო ფოთოლცვენის სევდა,
თვალს ადევნებს ცვლას ჟამთა და წელთა…


23.10.23
თბილისი

სამშობლოვ ჩემო

სამშობლოვ ჩემო, შენ მოგიძღვენი
გულის ფიცარზე რაც მიწერია,
ვიცი არასდროს არ მოიშლები,
გადაშენება არ გიწერია.

არ მოელევა შენს ტყეს ირმები,
კლდეებს დაჰყურებს ბებერი ჯიხვი,
გამრავლდებიან შენი შვილები,
როგორც გივლია, ამაყად ივლი.

ბევრი წავიდა, ბევრი ვერ გაგცვლის,
კიდევ მრავალი მოსასვლელია,
ერთად ავივლით ბილიკს აღმართის,
ფრთხილად, ციცაბო მოსახვევია.

ლომისობაზე ცხვარს არ შევწირავ,
სისხლი არც შენ და არც ღმერთს სწყურია,
ვერ გადავიხდი მე შენს ვალს, ვფიცავ,
სიცოცხლე მცირე საფასურია.

ჩემს სულს გაჩუქებ წრფელი ლექსებით,
შენთვის შემყრია ღამით ფხიზლობა,
შენზე დარდს მკვიდრად შევაბერდები,
რად უნდა ამას ფიცი–მტკიცობა.

ვერ მიგატოვებ ბრძოლით ქანცგაცლილს,
მოწამლული ვარ შენი ნესტარით,
ფუჭია ყველა ოქრო და განძი,
ანდამატია შენი ნექტარი.

არ მოეშლება შენს ტყეს ირმები,
კლდიდან კლდეზე ხტის ბებერი ჯიხვი,
შენ ცისფერ სისხლად ჩემში იღვრები,
საუკუნეებს ამაყად ითვლი.

გმირთა სამჭედლოვ, შენ მოგიძღვენი
თუკი რამ ლექსი დამიწერია,
ფესვები ვეღარ ამოვიბდღვენი,
მარადისობა შენი ხვედრია.

არ მიგატოვებს ჩემი ფიქრები,
შენთვის ვლოცულობ, მრავალჯერ ვიტყვი,
არ გადამწვარან შენი ფიჭვები,
ვინც გიმტრო, ყველა ყოფილა ბრიყვი.

მრავალჟამიერ შენ ხარ ვენახი,
ღვთიური მადლი შენი რთველია,
ვინც შეგიყვარა, ვერასდროს გაგცვლის,
შენი სამკვიდრო გმირთა გრდემლია.

სამშობლოვ ჩემო, შენ მოგიძღვენი
გულის ფიცარზე რაც მიწერია,
ვიცი არასდროს არ მოიშლები,
გადაშენება არ გიწერია.

15.06.14.
თბილისი

ოქტომბრის დილა

ქარმა გაძარცვა ახლა ხეები,

ოქტომბრის დილა ქარებით გვიტევს,

გაშიშვლდებიან მთებზე ტყეები,

ხეს ქარბორბალა მკლავებზე იწვენს.

ფერები ქრება, როგორც დღეები,

მიწას ფოთლების ახურავს ქოლგა,

სევდამ აღმართა სალი კლდეები,

ნეტავ ზაფხული ისევ თუ მოვა.

შემოეძარცვათ ტყეებს საფარი,

ხეების მსგავსად ზამთარს ვნებდებით,

დარდი კვლავ დაძრწის, მიუსაფარი,

წლები მიქრიან და ჩვენც ვბერდებით.

ბევრი გვინახავს მწარეც და ტკბილიც,

ხან გვამშვიდებდა წვიმის წვეთები,

ხან ვერ ვუძლებდით სულიერ ტკივილს,

თუმცა, გვინახავს სამოთხეებიც.

მთვარის დიალოგს ისევ შევები,

ვერცხლის სხივებით თავისკენ მიწვევს,

იცის, ნაზ ვარდებს ახლავს ეკლები,

მთვარე სიბნელეს დუელში იწვევს.

ქარმა გაძარცვა ახლა ხეები,

ოქტომბრის დილა ქარებით გვიტევს,

უხმოდ ილევა თბილი დღეები,

და შემოდგომა სინანულს იტევს…

10.10.23

თბილისი

თუკი ღმერთია …

თუკი ღმერთია დღეს ყველაფერი, რაც გაგაჩნია,

ყველაფერი გაქვს, რაც კი გჭირდება ამ ცხოვრებაში,

რწმენა ღვთის მადლად, დარდი იმედად გადააქცია,

ამაო ღელვა დარჩა წარსულის მოგონებაში.

თვალი თუ არ გაქვს სხვის კუთვნილზე, ან სხვის სახლ-კარზე,

არ გტანჯავს შური, მატყვევებელი კეთილი ნების,

სხვის სიკეთეზე ღამით ძილი თუ არ დაკარგე,

ოქროს ცისკარზე, ჩიტების ტკბილი გალობა გესმის.

თუ არ ივიწყებ, რომ სხვებზე მეტი არაფრით არ ხარ,

რომ ამქვეყნიურს ჰქვია მხოლოდ – ამაოება,

რომ ერთხელ დროში იკარგება ყოველი, რაც გაქვს,

და რომ რწმენაა სულის სიმდიდრე და სათნოება.

თუ ძალა შეგწევს ყველა გიყვარდეს, იყო გულსათნო,

მტერს არ უწოდო მოყვარე, ხოლო მოყვარეს მტერი,

თუ ის ხარ, ვისაც მოყვასი თავის საწადელს ანდობს,

ცოდვა გძულს, ხოლო ცოდვილთან რჩები მიმტევებელი.

შენშია რწმენა მომავლისა და სამყაროს წესის,

იცი, გიბრუნებს ათასმაგად, რასაც გაუშვებ,

ხარ განმგებელი საკუთარი ყოფის და ბედის,

სიმუხთლეს, ღალატს, მზაკვრულ აზრებს სულში არ უშვებ.

თუ არ იყენებ ღმერთის სახელს ფარისევლურად,

მტრობა და შუღლი ჩაიძირება მოგონებაში,

არ გაქვს მტაცებლის ინსტინქტები, არ ცხოვრობ მგლურად,

სამყაროს ცენტრი კონცენტრირდება შენს გონებაში.

თუკი ღმერთია ის ყველაფერი, რაც გაგაჩნია,

ყველაფერი გაქვს, რაც დაგჭირდება ამ ცხოვრებაში,

მისმა სწავლებამ ბევრჯერ ხიფათსაც გადაგარჩინა,

ასე იყო და ასე იქნება მარად, მყოფადშიც.

06.10.23

თბილისი

მაცხოვარი

დღეს იესო ვიხილე,
მოწყალებას ითხოვდა,
წყალობა რომ გავიღე,
მან დალოცვა მიბოძა.

თმაშევერცხლილს, უპოვარს,
ალბათ ბევრი ვერ ცნობდა,
ვერ ხედავდა მაცხოვარს,
თორემ სულსაც ანდობდა.

მის მზერაში ცეზიდან,
ანგელოზნი გალობდნენ,
არავისგან ეწყინა,
მისთვის წუთს რომ არ თმობდნენ.

ქუჩის აურზაურში,
მოწყალებას ითხოვდა,
მის უძირო მზერაში,
ღვთისმშობელი ტიროდა.

ზოგი მხცოვან მათხოვარს
შორით შემოუვლიდა,
ალბათ ხატთან მაცხოვარს,
მერე ლოცვას უთვლიდა.

დღეს იესო ვიხილე,
მოწყალებას ითხოვდა,
წყალობა მე მივიღე,
მან დალოცვა მიბოძა…


11.05.23
თბილისი

მცხეთა

No photo description available.

მცხეთას გვირგვინად თავს ადგას ჯვარი,
სატახტო ქალაქს, გმირის წარსულით,
აქ გიჟმაჟ არაგვს შეერწყმის მტკვარი,
დუმან სამთავრო და წიწამური.

ათასწლეულებს აითვლის მცხეთა,
წმინდა ქალაქი ქართველურ ტომთა,
ხეობის მკვიდრთა, ძველისძველ მესხთა,
არმაზისხევის ვაჭართა, მოგვთა.

შებრძოლებია პომპეუსს ლაშქრით,
ვერ დაამონა ვერცა მურვან ყრუმ,
თემურლენგს დახვდა მხნეობის აბჯრით,
ვერ დაამგვანა მტერმა უსახურს.

მირიან მეფეს, დედოფალ ნანას,
შარავანდედის სხივები ადგათ,
აქ წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ნათლავს,
სულს მიაბარებს სამთავროს ტაძარს.

სატახტო ქალაქს, უწმინდესს არსით,
თვალწარმტაცი აქვს ტყე და მთა-ველი,
სიდონიას გულს დააკვდა კვართი,
შვენის ელიას ძველი ხალენი.

მცხეთა ნინოს ჯვრით ქვეყანას ნათლავს,
გულში იხუტებს იესოს პერანგს,
შარავანდედი ცით მოსავს ქალაქს,
სიბნელეს სხივით ლახვრავს და ქელავს.

სვეტიცხოველის დიადი სვეტი,
ანგელოზისგან მცხეთაში მკვიდრობს,
ღმერთმა არგუნა რჩეულის ხვედრი,
სამთავროს ტაძარს, სად სძინავს ნინოს.

ათასწლეულებს აითვლის მცხეთა,
მარადიული ქალაქი მოგვთა,
ხეობის მკვიდრთა, ძველისძველ მესხთა,
არმაზისხევის ქართველურ ტომთა.

შებრძოლებია პომპეუსს ლაშქრით,
ვერ დაამონა ვერცა მურვან ყრუმ,
თემურლენგს დახვდა მუზარად – აბჯრით,
გამკლავებია მძლეთ თუ უბადრუკთ.

მცხეთას გვირგვინად თავს ადგას ჯვარი,
სატახტო ქალაქს, გმირულ წარსულით,
აქ გიჟმაჟ არაგვს შეერწყმის მტკვარი,
აქ არს სამთავრო და წიწამური.


08.06.23
თბილისი 

ცხოვრება სულ ერთი წამია

ცხოვრება სულ ერთი წამია,

დროს ვუთმობთ ამ წამის ათვლას,

შექმენი, რაც გულით გწადია,

ბედს ნუ ემონები მსახვრალს.

 

რა დიდი, რა მცირე თასია,

ფიქრობ რომ ვერ შესვამ, მაგრამ

მიხვდები, მთავარი აზრია –

გაკაჟებს თურმე რაც არ გკლავს.

 

სიცოცხლე სულ ერთი წამია,

მოასწრებ, რაც გულით გინდა,

თუ გახსოვს, რომ ცოდვა ნავსია,

დაამსხვრევ უფსკრულის პირთან.

 

პატარა, თან დიდი ნავია,

ჩაატევ ყველას, ვინც გიყვარს,

გახსოვდეს, მთავარი არსია –

ეს ნავი საითკენ მიგყავს.

 

ცხოვრება სულ ერთი წამია,

მოხედვას ვერ ასწრებ, გაქრა,

გუშინ რაც იყო, დღეს წავიდა,

მოსვლას სულ თან დასდევს წასვლა.

 

დიდი, თან პატარა თასია,

არც გყოფნის, ბოლომდე არც სვამ,

გარშემო მრავალი აზრია,

არ აჰყვე ცბიერს და მზაკვარს.

 

სიცოცხლე სულ ერთი წამია,

და შენი სხვა წამებს არ ჰგავს,

ამ წამში რისი თქმა გწადია,

რას უთმობ სანუკვარ ზრახვას.

 

ზოგის დრო სიყვარულს ეძღვნება,

ზოგი კი აქორებს მუცელს,

ზოგი ღობე-ყორეს ედება,

ზოგ სიტყვას ფასი აქვს უთქმელს.

 

ცხოვრება სულ ერთი წამია,

თავქვე სვლას ხან მოსდევს ზესვლა,

დაფიქრდი, გულით რა გწადია,

მოიმკი, რასაც დღეს თესავ.

 

შექმენი, იშრომე, იღვაწე,

გახსოვდეს, ფასი აქვს ამ წამს,

იცოდე, რომ ბოლოს ინანებ,

ცრემლი დაგიმძიმებს წამწამს.

 

სიცოცხლე სულ ერთი წამია,

ჩათვალე, სხვა წამი არც გაქვს,

მთავარი ამ წამის არსშია,

ბედს ნუ მორჩილდები მზაკვარს.

 

არაფერი რჩება მუდმივად,

აღმართი მოჰყვება დაღმართს,

დრო შეცვლის ‘პანგეა ულტიმას’,

ან გტაცებს იმასაც, რაც გაქვს.

 

ცხოვრება ხანმოკლე წამია

შენი არავისას არ ჰგავს,

რას უთმობ, რისი თქმა გწადია,

რამდენს უმსუბუქებ ამ წამს.

 

ზოგი სიკეთისთვის დაშვრება,

ზოგიც ამოივსებს ჯიბეს,

ქვეყნად არაფერი არ ქრება,

სამყარო რაღას არ ითმენს.

 

სიცოცხლე სულ ერთი წამია,

მიიღე ეს წამი ვალად,

იფიქრე, რა კვალი გწადია,

დატოვო ამ წამის ნაცვლად.

 

აქ არავინ რჩება მუდმივად,

დაღმართი მოჰყვება აღმართს,

ცხოვრება წააგავს ურმის თვალს,

საზრისს თუ არ უთმობ ამ წამს.

 

05.05.22

თბილისი

ქრისტე იშვა ბეთლემსაო

წელს პირველად მისახსოვრა
მუზამ მადლიანი ლექსი,
ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა,
რითმით ჩაიმღერა ტექსტი.

ოცდახუთსა დეკემბერსა,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ზეცამ მადლი მოგვივლინა,
შევეგებოთ ჩვენს მხსნელსაო.

შემოფრინდა აღმაფრენა,
სიხარული უფლის შობის,
განკაცება თვით ინება,
ციდან ისმის ხმა გალობის.

სასოების ღამე დგება,
ვარსკვლავებით ნაუწყები,
ბაგაში რომ ყრმა იწვება,
არის ქვეყნის გამომხსნელი.

ქერუბიმებს ლხინი ჰქონდათ,
მოგევლინათ მფარველიო,
ვარსკვლავს კიაფი გაჰქონდა,
მოგვთა იყო გზამკვლევიო.

დაგაპურებთ, დაგაოკებთ,
ბევრს გიჩვენებთ სასწაულებს,
სიყვარულით გაგაოცებთ,
არ მოითხოვს საზღაურებს.

ოცდახუთსა დეკემბერსა,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ზეცამ მადლი მოგვივლინა,
მივეახლოთ მეფესაო.

ფანჯარაში სანთლით შევხვდეთ,
შემოვუშვათ უფლის ნება,
წმინდა დედა ღვთისმშობელი,
ყველა სარკმელს ეგებება.

ჯადოსნური ღამე დგება,
ვარსკვლავებით ნაუწყები,
ბაგაში რომ ყრმა იწვება,
ცოდვებისგან არის მხსნელი.

საშობაოდ დამეწვია
ამ წლის სულ პირველი ლექსი,
ჩემი მუზა კვლავ მეწვია,
ჩაიმღერა რითმამ ტექსტი.

06.01.22
თბილისი

ზამთარი

ახლა თოვაა მთაში და ბარად,

ცა არ იშურებს მტრედისფერ ფიფქებს,

შავ-თეთრ პეიზაჟს გვიხატავს ბარდნა,

ორ ფერად ფარავს ზვრებსა თუ მინდვრებს.

რამდენი დარჩა გაზაფხულამდე

დღეებს ვითვლი და ყინვა კვართს იქნევს,

მიყვარს ზამთარი, თეთრად ელვარე,

მაგრამ ეს გული აპრილებს ირჩევს.

ყოჩივარდები იბარტყებს მალე,

ახლა ლოდინი ლოდად მაწვება,

გადავიზამთრებთ თებერვლის ქარებს

და გიჟი მარტიც მალე დადგება.

დილამ იმატა, ღამეც დაიკლებს,

გული ვერ ითმენს იგრიკის თვემდე.

თავის რჩეულ გზას თავად გაიკვლევს.

კვლავ სასოებით დაითვლის დღეებს.

ახლა თოვაა მთაში და ბარში,

ზეცა უხვად ყრის მტრედისფერ ფიფქებს,

შავ-თეთრ პეიზაჟს გამოცვლის მაშინ,

როცა შროშანი დაფარავს მინდვრებს.

რამდენი დარჩა გაზაფხულამდე,

დღეებს ვითვლი და ყინვა კვართს იქნევს,

მიყვარს ზამთარი, თეთრად ელვარე,

გული კი ურჩად მაისებს ირჩევს.

21.01.22

თბილისი

გულისაბ იხარებს, ვიდრე კვლავ დაღამდა

ვინც ლექსს წერს, განა ყველა მგოსანია,
ვინც გალობს, განა ყველა ბულბულია,
სულს საზრდოს რით აწვდის, რის შემმოსავია,
მრავლის მეტყველია, სამყაროს გონია?

რა სტკივა მის მოდგმას, ან რა აქვს სათქმელი,
რამდენი ითქვა და რამდენმა ასწავლა,
სიცრუვე აღზევდა, რითია ნაკვები,
ჰომო საპიენსი რის გამო გაწვალდა.

ჯერ კაცობრიობის აკვანი ირწევა,
რამდენ ათასწლეულს ზიდავს ამ ლოდებს,
ღვარცოფი, ომი თუ მშვიდობა იქნება,
ბუნებას თუ ერჩი, ის წუხს და გოდებს.

ქარები მორეკენ უსაზღვრო იმედებს,
გაზაფხულს ვეშურვი, გულმა რომ დალანდა,
აპრილი მოიტანს ყვავილთა სიმღერებს,
გულისაბ იხარებს, ვიდრე კვლავ დაღამდა.

ვინც წამლობს, განა ყველა მკურნალია,
ვინც მართავს, განა ყველა მმართველია,
სოციალისტია, თუ დემოკრატია,
გესლს ღვრის თუ სიმართლის მქადაგებელია?

რა სტკივა დღეს ნეტავ ადამის მონაგარს,
რა სიმპტომს უჩივის ყველაზე მეტად,
დაფიქრდი ვინა ხარ, ღალატის მონა ხარ,
ბრბოში ხარ, თუ კვლავაც დადიხარ კენტად.

რისთვის ხარ მოსული, რა არის მისია,
ეს დედა ბუნება, შენი თუ სხვისია,
რა ცოტას სტკივა და რამდენი ფიქრდება,
რომ ღვთის ბოძებული მთა-ბარი მისია.

ბუნება გვიგზავნის სოლიდურ მესიჯებს,
ამ ავბედ ღრუბლებსაც ქარი გადარეკავს,
კოსმოსი არა ცნობს ყალბთა ცრუ დევიზებს,
მათ ზიარ ღალატსაც დროება წალეკავს.

დღეს კაცობრიობის აკვანი ირწევა,
რამდენ ათასწლეულს გაუძლებს ნეტავ,
ღვარცოფი, ომი თუ მშვიდობა იქნება,
კოსმოსს თუ უმიზნებ, ის რისხვას ბერტყავს.

ვინც კი წერს, განა ყველა მწერალია,
ვინც სწირავს, განა სულყველა მღვდელია,
სიყვარულს ქადაგებს, თუ მაწყევარია,
ცრუ მჭერმეტყველია, თუ ღვთისმგმობელია.

კაცთა მოდგმისათვის ვის რა აქვს სათქმელი,
რამდენი ითქვა და რამდენმა ასწავლა,
სიყალბე აღზევდა, რითია ნაკვები,
ჰომო საპიენსი რის გამო გაწვალდა?

ქარები მორეკენ უსაზღვრო იმედებს,
გაზაფხულს ვეშურვი, გულმა რომ დალანდა,
აპრილი მოიტანს ყვავილთა სიმღერებს,
გულისაბ იხარებს, ვიდრე მთლად დაღამდა.

…………………………..
02.07.22
თბილისი